ახალი ამბები

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის ყოველწლიური მოხსენება საქართველოსაც განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ოფისის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 2004 წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა საერთაშორისო და შიდა ტერორიზმის წინააღმდეგ. 


“მიუხედავად ამისა, საქართველო მცირე მასშტაბით კვლავ გამოიყენება ტერორისტების სატრანზიტო სახელმწიფოდ, თუმცა მთავრობის მიერ 2002 წლის ბოლოს პანკისის ხეობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბევრად უფრო ნაკლებად . 2004 წლის ბოლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ განხორციელებულმა ინტენსიურმა ოპერაციებმა, რასაც წინ უძღოდა რუსეთში [ჩრდილოეთ ოსეთში] 2004 წლის სექტემბერში ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტი, მნიშვნელოვნად შეასუსტა ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფების შესაძლებლობა პანკისის ხეობა სატრანზიტო მიზნით გამოეყენებინათ“, ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენების თანახმად, ქართველი სამართალდამცავების შესაძლებლობები შეზღუდული, თუმცა გაუმჯობესებულია შიდა რეფორმების, აშშ-ის მთავრობისა და დასავლელი დონორების ტექნიკური და ფინანსური დახმარების ხარჯზე.


“ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მომზადებას სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროკურატურაში ფუნქციონირებს ექვსი პროკურორისა და გამომძიებლისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საკითხებზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მცდელობებს გაატარონ რეფორმები და გააფართოვონ თავიანთი შესაძლებლობები ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აფერხებს შესაბამისი რესურსების, აღჭურვილობისა და ტრენინგების ნაკლებობა. რეფორმებისკენ მიმართულ ამ მცდელობებს, რომელსაც თან ერთვის კადრების ხშირი ცვლა, არეულობა შემოაქვს და აფერხებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას. გრძელდება სასაზღვრო და საბაჟო რეფორმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საზღვაო, საჰაერო და საკომუნიკაციო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, ნათქვამია მოხსენებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button