ახალი ამბები

ზურაბიშვილი სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობს

რუსულ გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა იმ შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა, რამაც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკებებში პროგრესი განაპირობა.  


“ბევრი რამ შეიცვალა იმ ფაქტის ჩათვლით, რომ საქართველოს ახლა ძალიან ძლიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს … თუმცა, სერიოზულად რომ ვთქვათ, ჩვენ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, დეტალურად გავაანალიზეთ ის მიზეზები, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. შემიძლია განვაცხადო, რომ საერთო პრობლემების ხედვა შეიცვალა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ის, რაც ადრე შესაძლოა დამარცხებად ან დამცირებადაც კი იყო მიჩნეული, ახლა ერთიან პროცესად აღიქმება, რაც ჩვენ საერთო ინტერესებში შედის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თხოვნაზე დაეკონკრეტებინა ის ფაქტორები, რომლებიც დაეხმარნენ მხარეებს სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების წინსვლაში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:


“ჩვენ შეგვიძლია მთელ რიგ ფაქტორებზე ვისაუბროთ. ეს შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული მწვავე განცხადება, რომელიც მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებდა. გამორიცხული არ არის, რომ ამერიკულმა ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა, კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტმა: სავარაუდოდ, მოსკოვმა გაითვალისწინა მისი [რაისის] ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ან შესაძლოა, რუსეთს სურდა გამარჯვების დღის აღსანიშნავი დღესასწაულის წინ [9 მაისს] იმის დემონსტირირება მოეხდინა, რომ მოსკოვს შესწევს უნარი ‘პრობლემატურ’ საქართველოსთან ურთიერთობები მოაგვაროს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button