ახალი ამბები

ნოღაიდელი: მივესალმებით რუსულ კაპიტალს საქართველოს ბაზარზე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 25 აპრილს “ინტერფაქსი”–სთვის  მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც შეზღუდავს რუსული კაპიტალის მონაწილეობას საპრივატიზაციო თუ საინვესტიციო პროცესებში.


“პირიქით, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით რუსულ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე“, აცხადებს ნოღაიდელი.


მისი თქმით, “რუსული კაპიტალის საქართველოში გააქტიურებამ გარკვეულწილად შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“.


საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ რუსული კომპანიები იღებენ და კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას საპრივატიზაციო პროცესში. “ასე, რომ ვფიქრობ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დადებითად ვითარდება“.


ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი პირველ ადგილს იკავებს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 362 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button