ახალი ამბები

ზურაბიშვილი: 2008 წლის 1 იანვრამდე ბაზების გაყვანა თბილისისთვის მისაღებია

ქართული მხარისათვის მისაღები იქნება, რომ რუსულმა სამხედრო ბაზებმა ქვეყანა ეტაპობრივად 2008 წლის 1 იანვრამდე დატოვონ, იუწყება 25 აპრილს “ინტერფაქსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.


“პრინციპში, ქართული მხარისათვის მისაღები იქნებოდა, რომ რუსულმა სამხედრო ბაზებმა 2008 წლის 1 იანვრამდე დატოვონ ქვეყანა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ვადა საბოლოო უნდა იყოს“, განაცხადა “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ქართული მხარისათვის ვადებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ბაზების გაყვანის ყველა ეტაპთან დაკავშირებით.


დღეს სალომე ზურაბიშვილი თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს სამხედრო ბაზებზე, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალურ საკითხებზე.  ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მარტ–აპრილში გამართული რუსულ–ქართული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button