ახალი ამბები

ევროპის საბჭო მიესალმება ცხინვალის რეგიონში რეზერვისტთა ბანაკის დახურვას

22 აპრილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის დახურვის თაობაზე, იტყობინება ევროპის საბჭოს პრეს-სამსახური.


“ეს არის ლოგიკური ნაბიჯი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ა.წ. იანვარში სტრასბურგში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მშვიდობიანი გეგმის გაჟღერების შემდეგ“, განაცხადა ტერი დევისმა.


“ჩემი აზრით, კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გეგმა არ არსებობს. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ დემილიტარიზაციის პროცესს და სხვა ნაბიჯებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. პატივისცემა და ურთიერთნდობა საშუალებას მისცემს მხარეებს განიხილონ სამშვიდობო გეგმა არა წარსული მოვლენების პრიზმაში, არამედ როგორც შეთანხმება უკეთესი ცხოვრებისთვის“, განაცხადა ტერი დევისმა.


მისი თქმით, ევროპის საბჭოს 46-ივე წევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს გაავრელა ინფორმაცია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის დემონტაჟი მიმდინარეობს. 


ძევერის რეზერვისტთა ბანაკი, რომელიც ცხინვალიდან 12–13 კმ–ით არის დაშორებული, გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. ცხინვალი კონფლიქტის ზონაში ქართველი რეზერვისტთა ბანაკის განლაგებას პროტესტით შეხვდა და ქართული მხარე არსებული შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.


1992 წლის შეთანხმების მიხედვით მხოლოდ ერთობლივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებაა დაშვებული კონფლიქტის ზონაში. ამავე შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონად ითვლება ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button