ახალი ამბები

მირონოვი სამხედრო ბაზების შესახებ რუსეთის პოზიციაზე საუბრობს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 22 აპრილს თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა თავისი სამხედრო ბაზები ბათუმიდან და ახალქალაქიდან 2009 წლის 1 იანვრისთვის გაიყვანოს.


სერგეი მირონოვმა ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც წინ უძღოდა მისი ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრა.


“რუსეთმა შესთავაზა ქართულ მხარეს ახალქალაქიდან სამხედროთა და მძიმე ტექნიკის 2008 წლის 1 იანვრისთვის გაყვანა . ჩვენ ასევე გვინდა განვიხილოთ წინადადება ამავე პერიოდისთვის ბათუმიდან მძიმე ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით, 2009 წლის 1 იანვრისთვის კი ბაზის [ბათუმში] მთლიანად დახურვის თაობაზე … თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ერთი წლის წინ რუსული მხარე 11 წელიწადს ასახელებდა ბაზების გასაყვანად, ეს [ახალი შემოთავაზება] აშკარა პროგრესია“, განაცხადა სერგეი მირონოვმა.


“რამდენადაც მე ვიცი, ქართულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ მიუცია ამ  წინადადებაზე. თუმცა, მჯერა, რომ მოიძებნება კომპრომისი, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც ქართული, ისე რუსული მხარეებისთვის“, დასძინა მან.


სერგეი მირონოვმა ასევე განაცხადა, “ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს მტკიცე პოზიცია უკავია, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბაზები უნდა გავიდნენ. ახლა, განიხილება ვადების და ამ ბაზების ცივილიზებული გაყვანის საკითხი“.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რომელიც მოსკოვში 25-26 აპრილს გაიმართება,  მიღწეული იქნება შეთანხმება ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.


“იმედი მაქვს, რომ ვადებზე შეთანხმება 15 მაისამდე მოხდება, რადგანაც ჩვენი მომავალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად იქნება ამაზე დამოკიდებული“, განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.


10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიღებული დადგენილება 15 მაისამდე რუსულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანის “გონივრულ ვადებზე“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ. ეს დადგენილება ბაზების გაყვანის ბოლო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button