ახალი ამბები

ნატო–რუსეთის საბჭომ საქართველოზე იმსჯელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაფ დე ჰოოფ სხეფერმა ვილნიუსში გამართული ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოახსენა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთ–საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას უკავშირდება.


“იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი მიდგომები განსხვავებულია, ყველას ჩვენ გვამოძრავებს სურვილი სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხიც, რისი გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ევროპაში ჩვეეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასა და ამოქმედებას. რა თქმა უნდა, ნატოს ქვეყნები და რუსეთი ერთიანად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა იაფ დე ჰოოფ სხეფერმა 21 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიუღებელია მოლდოვასთან და საქართველოსთან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირება.


ლავროვის თქმით, მან ასევე ამცნო ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს აფხაზეთია და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გადაწყვეტაში რუსეთის როლის შესახებ.


“ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 21 აპრილს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button