ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით საგადასახადო არბიტრაჟი გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა 20 აპრილს 105 ხმით 1–ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც უქმდება საგადასახადო არბიტრაჟები,  სადაც გადასახადების გადამხდელთა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული დავების განხილვა წარმოებდა.


საპარლამენტო ოპოზიცია და მეწარმეთა დიდი ნაწილი აპროტესტებს მთავრობის ინიციატივას საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის შეჩერების თაობაზე, რომელიც მეწარმეთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით მიმდინარე წლიდან ამოქმედებული ახალი საგადასახდო კოდექსის “ერთადერთი მონაპოვარი“ იყო.


მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა არბიტრაჟის გაუქმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე საქმე წააგო და მთავრობას რამდენიმე მილიონი ლარის გადახდა მოუწია კერძო მეწარმეთათვის .


“კერძო არბიტრაჟში მიმდინარე საგადასახადო დავების გამო შესაძლოა ბიუჯეტმა ათობით მილიონი ლარი იზარალოს, რასაც არ დავუშვებთ. პარლამენტი დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას არბიტრაჟის გაუქმების თაობაზე, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია ათობით მილიონობით ლარის გადახდა არბიტრაჟის უსამართლო გადაწყვეტილებების გამო“, განუცხადა 20 აპრილს ჟურნალიტებს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ, რომელიც მთავრობის ერთადერთი წევრი გამოდგა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა არბიტრაჟის გაუქმების გამო, 20 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააუარესებს.


მისი თქმით, საგადასახადო არბიტრაჟს დახვეწა და არა გაუქმება ესაჭიროებოდა.


საქართველოს ბიზნესფედერაციის თავმჯდომარემ, გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 20 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილების გამო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button