ახალი ამბები

მთავრობა კერძო არბიტრაჟის მოქმედების გადავადებას ითხოვს

მთავრობა საგადასახადო არბიტრაჟის მოქმედების 2008 წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენლები ამ ინსტიტუტის საერთოდ გაუქმების ალტერნატივას აყენებენ.


პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში 22 აპრილისთვის დაგეგმილი შესაბამისი ცვლილებების განხილვა დღესვე დაიწყო. დღესვე კერძო არბიტრაჟთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომა გადადო.


“კერძო არბიტრაჟში  მიმდინარე საგადასახადო დავების გამო შესაძლოა ბიუჯეტმა ათობით მილიონი ლარი იზარალოს, რასაც არ დავუშვებთ. პარლამენტი დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას არბიტრაჟის გაუქმების თაობაზე“, განუცხადა 20 აპრილს ჟურნალიტებს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


საპარლამენტო ოპოზიცია და მეწარმეთა დიდი ნაწილი აპროტესტებს მთავრობის ინიციატივას საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის შეჩერების თაობაზე, რომელიც მეწარმეთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით მიმდინარე წლიდან ამოქმედებული ახალი საგადასახდო კოდექსის “ერთადერთი მონაპოვარი“ იყო.


“ამ ერთადერთ მონაპოვარზე საუბრობდა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთავრობა, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსის დადებით მხარეებში გვარწმუნებდა“, განაცხადა  პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ.


თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ “არბიტრაჟის შემოღება შეცდომა იყო. ამ წესით საგადასახადო დავების განხილვის პრაქტიკა ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს“.


თუ პარლამენტი ამ ეტაპზე არბიტრაჟის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ დეპუტატების განცხადებით, შეჩერდება ის საქმეებიც, რომელიც ამჟამად არბიტრაჟებში იხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button