ახალი ამბები

პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას აგრძელებს

დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ხუთთვიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას გააგრძელებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების ე.წ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, თუმცა ოპოზიცია უმრავლესობის ვარიანტს ეწინააღმდეგება. 

იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება შვიდ-შვიდი წევრის შემადგენლობით, საუბნო კომისიები კი – ცხრა წევრის შემადგენლობით.

კანონპროექტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო დანარჩენ 6 წევრს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

ოპოზიციის მტკიცებით, ეს ვარიანტი პრაქტიკულად საარჩევნო ადმინისტრაციების ერთპარტიული ნიშნით, კერძოდ კი მმართველი პარტიის მიერ დაკომპლექტებას ნიშნავს. სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა კოდექსში ცვლილებების განხილვა გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით უკვე მიღებული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ ერთობლივად გააპროტესტეს.


ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ალტერნატიული ვარიანტი აქვს მომზადებული, რომელიც კომისიებში პარტიული ბალანსის შენარჩუნებას ემყარება.


ოპოზიციის ვარიანტით, რომლის ირგვლივ ერთსულოვანნი არიან “ახალი მემარჯვენეები“, “კონსერვატორები“ და “რესპუბლიკელები“, საარჩევნო კომისიები 4%–იან ბარიერგადალახულმა პარტიებმა 2–2 წევრით უნდა დააკომპლექტოს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button