ახალი ამბები

ევროკავშირი უარს აცხადებს რუსეთ–საქართველოს საზღვრის მონიტორინგზე

საფრანგეთის დელეგაციამ, რომელსაც ასევე დაუჭირეს მხარი ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის დელეგაციებმა, უარი განაცხადა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლების იდეაზე, იტყობინება ჯეიმსთაუნის ფონდი.


ეს გადაწყვეტილება 15-16 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა უარი განაცხადა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ევროკავშირის ეგიდით ჩანაცვლებაზე, რომელიც ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ევროკავშირმა ასევე დაიწუნა იდეა შექმნილიყო ე.წ. მსურველი ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც საზღვრის მონიტორინგს ევროკავშირის ეგიდის გარეშე განახორციელებდნენ. ამ იდეას ბალტიისპირეთის და ცენტრალური ევროპის ქვეყნები უჭერდნენ მხარს.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის ბენიტა ფერერო-ვოლდნერის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ  საზღვრის დაცვის თაობაზე რუსეთთან მოილაპარაკოს. 


ეუთომ საზღვრის მონიტორინგის მისია გასული წლის დეკემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსეთმა მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო.  


ამის შემდეგ საქართველომ საზღვრის მონიტორინგის ალტერნატივის ძებნა დაიწყო. თუმცა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამ ჩაშალა საქართველოს ყველა მცდელობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების გამოგზავნის თაობაზე.


 

Back to top button