ახალი ამბები

გილაური: ამ ეტაპზე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება არ იგეგმება

13 აპრილს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება არ იგეგმება, იგეგმება მისი რეაბილიტაცია“.


მინისტრმა გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან ერთად მრგვალი მაგიდა  – “საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების პერსპექტივები და გაზის მოწოდების ალტერნატივების“ ფარგლებში წარმოადგინა გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტი.


პროექტის მიხედვით,  2 ათას კმ–მდე სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას, რომელიც სამ წელზეა გათვლილი, 40 მლნ აშშ დოლარი ესაჭიროება.


გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას განცხადებით, ხუთმა დონორმა  – ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, მსოფიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა,  “ბრითიშ პეტროლეუმმა“  (BP) და ირანის მთავრობამ უკვე გამოთქვა დაინტერესება გაზსადენების სარეაბილიტაციო პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, “ვინაიდან საქართველო საკუთარი სახსრებით პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებს“.


მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასევე დეპუტატებმა და ექსპერტებმა, ითქვა, რომ საქართველომ უნდა ეძებოს გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები. ამჟამად გაზი ქვეყანას რუსეთიდან მოეწოდება.


ერთ–ერთ ალტერნატიულ გზად განიხილება ირანიდან აზერბაიჯანის გავლით გაზის ტრანსპორტირება. ამ საკითხზე 26 აპრილს ირანის დელეგაციას ელოდებიან საქართველოში.


 

Back to top button