ახალი ამბები

საგარეო უწყება სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პოზიციის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია რუსული ბაზების გაყვანის ვადების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.


“მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამგვარად კომენტარს ვერ გავაკეთებ“, დასძინა სიხარულიძემ.


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე თანახმაა ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანაზე სამი წლის ვადაში, 2009 წლის 1 იანვრამდე, თუ მანამდე ეს ბაზები “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებენ, რომლის დროსაც იკრძალება სამხედრო წვრთნების ჩატარება და პერსონალის როტაციის განხორციელება.


“სრულიად დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, გნებავთ ელექტრონული მედიით, გნებავთ გაზეთებით, გნებავთ ტელევიზიით, არ შეესაბამება სინამდვილეს იმდენად, რამდენადაც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ შეთანხმებული ვართ ჩვენს რუს მეგობრებთან, ჩვენს რუს კოლეგებთან, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს არანაირ ინფორმაციას, მითუმეტეს მკაფიო კომენტარს, არ გავაკეთებთ… ეს არის წესი“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button