ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ჟენევის შეხვედრიდან კონკრეტულ შედეგს არ ველით

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 7–8 აპრილს ჟენევაში, გაეროს ეგიდით დაგეგმილ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებისაგან თბილისი კონკრეტულ შედეგს არ ელოდება.


“თუმცა აფხაზური მხარის მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის შემდეგ, ეს მოლაპარაკებების განახლების პირველი მცდელობაა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია“, განუცხადა ჟურნალისტებს 6 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა. 


ჟენევაში, სადაც მოლაპარაკებებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის [საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] წარმომადგენლებთან ერთად აფხაზური მხარეც დაესწრება, უკვე გაემგზავრა ქართული დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა ხელმძღვანელობს. ქართულ დელეგაციაში ასევეა წარმოდგენილი აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის დელეგაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს. რუსეთს მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button