skip to content
ახალი ამბები

ბორის ჩოჩიევი თბილისის სამშვიდობო გეგმას უარყოფს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 29 მარტს განაცხადა, რომ თბილისის წინადადება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ფართო ავტონომიას ითვალისწინებს, ცხინვალისთვის “მიუღებელია“.


“ჩვენ არ ვიღებთ თბილისის წინადადებებს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც  საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სამხრეთ ოსეთი თავის თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  24 მარტს გამოქვეყნდა დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თბილისის წინადადებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით და რომელიც ეფუძნება იმ ინიციატივებს, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა.


“თუ საქართველოს მართლაც სურს კონფლიქტის მოგვარება, ეს უნდა მოხდეს არა სატელევიზიო მიმართვის ან ინტერნეტის გზით, არამედ უკვე არსებული ფორმატით, მაგალითად, შერეული საკონტროლო კომისიის რეგულარული სხდომების მეშვეობით“, განაცხადა ჩოჩიევმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button