ახალი ამბები

ირაკლი ალასანია აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე საუბრობს

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს, განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რაიმე წინსვლა მოსალოდნელი არ არის, “თუმცა ეს იქნება საწყისი წერტილი“ მოლაპარაკებების განახლებისთვის.


გაეროს ეგიდით 7-8 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც “ჟენევის ფორმატითაა“ ცნობილი, მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის [საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] წარმომადგენლებიც.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მიერ ახლახანს გახსნილ საინფორმაციო ვებ-გვერდზე – Abkhazeti.info გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ “გაჩნდა აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შანსი, რაც ქართულმა მხარემ ხელიდან არ უნდა გაუშვას, ისევე როგორც აფხაზურმა“.


ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მზადყოფნა გამოხატეს მოლაპარაკებების გამართვაზე.


“რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, ქართულ-აფხაზური დიალოგი დაიწყოს შუამავლის გარეშე. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ ჟენევის ფორმატი და სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი არ იქნება გამოყენებული“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 


“ეს [აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგი] არის ქართული მხარის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე და რამდენადაც ვიცი, ამ ინიციატივას აფხაზურმა მხარემაც დაუჭირა მხარი“, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button