ახალი ამბები

სოხუმი თანახმაა ალასანიას მონაწილეობაზე ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება დათანახმდება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მონაწილეობას აპრილში ჟენევაში დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით შეუერთდება პროცესს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


“თბილისში განთავსებული აფხაზური ავტონომიის მთავრობის მონაწილეობა დამატებით სირთულეებს შეუქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს, თუმცა აფხაზური მხარე მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რადგანაც თბილისი წარმოადგენს ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით“, განაცხადა შამბამ.


დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზური მხარე აღიარებს “ე.წ. აფხაზური ავტონომიის თბილისში განთავსებულ სტრუქტურებს“.


შამბას განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის პრეს–სპიკერის გელა ჩარკვიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ირაკლი ალასანია აფხაზურ მხარესან მოლაპარაკებებში მონაწილეობას  საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button