ახალი ამბები

“კომერსანტის” ცნობით, თბილისი რუსული ბაზების 2009 წლამდე გაყვანას მოითხოვს

ქართული მხარე თანახმაა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა ოთხი წლის ვადაში, 2009 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს, თუ ამ პერიოდში ბაზები “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებს, იუწყება გაზეთი “კომერსანტი”  მოსკოვში 23 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.


თბილისი მოითხოვს, რომ ბაზებზე, მათ გაყვანამდე,  არ გაიმართოს სამხედრო წვრთნები,  შეწყდეს ახალი სამხედრო ტექნიკის შეყვანა და პირადი შემადგენლობა შემცირდეს. ქართული მხარე რუს ოფიცრებს თბილისში საცხოვრებელ ბინებს სთავაზობს, რომლის გაყიდვაც რუსეთში გამგზავრებამდე შეეძლებათ „და ეს იქნება მაქსიმალური კომპენსაცია, რომელზეც საქართველო დათანხმდება“.


ამასთან, საქართელო მზადაა გაიღოს 10-15 მლნ აშშ დოლარი ბაზებიდან ტექნიკის გაყვანისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 21 მარტს განაცხადა, რომ ბაზების გაყვანა რუსეთს 250-300 მლნ დოლარი დაუჯდება. “კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან თანხებს არ ითხოვს.


გაზეთის ცნობით, მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგია ბაზების “გაყვანის რეჟიმში“ ფუნქციონირების. “თუკი მოსკოვი  ოთხწლიან ვადას დათანხმდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დროის ამ მონაკვეთში ბაზების ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას მოითხოვს“, აცხადებს “კომერსანტი“.


მოსკოვში მოლაპარაკებები 23 მარტს დაიწო და 25 მარტამდე გასტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button