
ქართულ–რუსული მოლაპარაკებები ხუთი მიმართულებით წარიმართება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის განცხადებით, 23-25 მარტს მოსკოვში დაგეგმილ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს ხუთი სამუშაო ჯგუფი წარმართავს, რომლებშიც შედიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები.
მოლაპარაკებები წარიმართება რუსული სამხედრო ბაზების, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, კონფლიქტების მოგვარების, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის ირგვლივ, რაზეც მხარეები 18 თებერვალს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს შეთანხმდნენ.
“თბილისი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომლის დროსაც რეალურად დავინახავთ რამდენად მზად არის რუსეთი შემხვედრი ნაბიჯებისათვის“, განაცხადა 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე გიორგი გომიაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)