ახალი ამბები

“გაზპრომი” გაზსადენის შესყიდვაზე თბილისთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“  რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსული კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით.


“მხოლოდ გაზპრომს შეუძლია უზრუნველყოს გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირება, რადგანაც [მაგისტრალურ გაზსადენს] მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება“, განაცხადა “გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა, თუმცა მან თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან და გარიგების შესაძლო მოცულობის დაკონკრეტებისგან.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მხარს უჭერს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობას,  მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხის განხილვისას უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ.


“ნეზავისიმაია გაზეტა“  ეკონომიკური რეფორმების საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კაზა ბენდუქიძის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, შემოსავლები ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენიდან მნიშვნელოვნად შემცირდება. ამგვარად, ამერიკული მხარის შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია – მათ არ სჭირდებათ კონკურენტები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button