ახალი ამბები

ლომაია სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის გადაყენებას ითხოვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახა ლომაიამ 21 მარტს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ხეცურიანის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.


მინისტრის განცხადებით, მისი ეს თხოვნა სამედიცინო უნივერსიტეტის არასწორმა რეფორმებმა და ფინანსურმა მაქინაციებმა განაპირობა.

რამაზ ხეცურიანმა, რომელიც სამედიცონო უნივერსიტეტს წლების მანძილზე ხელმძღვანელობს, რექტორის თანამდებობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც 15 თებერვალს უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონმდებლობის თანახმად ლომაიას წარდგინებით პრეზიდენტმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნა.  


“ხეცურიანმა ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ეს არ უკავშირდება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტების პროტესტს და შიმშილობას“, განაცხადა ლომაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა, რაც შიმშილობს. ისინი აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უქმდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულებით გაფორმებული პრივილეგია კოლეჯში სწავლის სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩააბარონ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.


დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა ლომაიამ რამაზ ხეცურიანის უძრავი ქონების ამსახველი ფოტოები წარმოადგინა, თუმცა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ეს ქონება მას არ ეკუთვნის.


“ჩემი ქონება დეკლარაციაში არის ასახული. ლომაიას ჩემზე სამართლებრივი დევნა აქვს გამოცხადებული“, განაცხადა “რუსთავი 2“-ის ეთერში რამაზ ხეცურიანმა.


“მე პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, დასძინა ხეცურიანმა.


განათლების მინისტრს რამაზ ხეცურიანის შემცვლელის კანდიდატურა დღეს არ დაუსახელებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button