ახალი ამბები

ბაღაფში მზადაა შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 18 მარტს რუსეთის სათათბიროში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუწყება სააგენტო “ინტერფაქსი“.


“თუმცა ასეთ შეხვედრას მომზადება ესაჭიროება, რაზეც დიპლომატები იზრუნებენ“, აცხადებს ბაღაფში.


მისი თქმით, შეხვედრის ადგილი გადაწყვეტადი საკითხია.  


16 მარტს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეხვდეს ბაღაფშს თბილისსა ან ბათუმში.


დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომელიც 11 მარტიდან მოსკოვში იმყოფება, დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აღდგენა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს. კერძოდ, საქართველოს, აფხაზეთის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის რკინიგზის აღდგენის შესახებ მსჯელობით.


“ეს საინტერესო იქნება სოხუმისთვისაც და თბილისისთვისაც ისევე, როგორც რუსეთისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის“, აღნიშნა ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button