ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში თავის მისიას ზრდის

ევროკავშირი საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დასახმარებლად ორ სამოქალაქო წარმომადგენელს აგზავნის, იტყობინება 17 მარტს “როიტერი“ ევროკავშირის უცნობი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით.


ევროკავშირის მისიის ამ გაძლიერებას წინ უძღოდა თბილისის მოწოდება ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ევროკავშირის დამკვირვებლებით ჩანაცვლების თაობაზე.


თუმცა, “როიტერი“ იმავე წყაროზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირს ვერ გადაუწყვეტია გარისკოს და დათანხმდეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგზე, რითიც მოსკოვის უკმაყოფილებას გამოიწვევს.


“ჩვენ დავიწყებთ ექსპერტთა პატარა ჯგუფის გაგზავნით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის დასახმარებლად”, აცხადებს ევროკავშირის დიპლომატი.


მისი თქმით, ევროკავშირის ორი წარმომადგენელი სამოქალაქო ტანსაცმელში იქნებიან და მათი მანდატი მთელ საქართველოს დაფარავს, მათ შორის რუსეთის საზღვრის ტერიტორიასაც. ამ მანდატის სხვა დეტალები უცნობია.


ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები, კერძოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირის გაზრდილ როლს საზღვრის მონიტორინგის საქმეში. თუმცა, სხვა წევრი ქვეყნები სიფრთხილით ეკიდებიან რუსეთის პოზიციას.


“რთულია ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა“,  აცხადებს “როიტერი“ იმავე წყაროზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button