ახალი ამბები

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კოლეჯის ცამეტმა სტუდენტმა დღეს შიმშილობის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უქმდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის არსებული პრივილეგია უგამოცდოდ ჩააბარონ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კოლეჯში სწავლის სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ.


სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ აქვთ უფლება უგამოცდოდ შევიდნენ უნივერსიტეტში. თუმცა, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონით, ეს პრივილეგია არ არის გათვალისწინებული.


კოლეჯის სტუდენტებმა შიმშილობის აქციის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარლამენტის შენობის წინ ორკვირიანი საპროტესტო აქცია უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლება, კერძოდ კი განათლების სამინისტრო დათმობაზე არ წავიდა. განათლების მინისტრის კახა ლომაიას განცხადებით, ყველა პოტენციურმა სტუდენტმა, მათ შორის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა, უნდა ჩააბაროს გამოცდები.      


უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც განათლების სამინისტროს განცხადებით, გამორიცხავს რაიმე კორუფციულ გარიგებას უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს და პოტენციურ სტუდენტებს შორის. განათლების სამინისტროს ცნობით, გამოცდების ჩაბარების ეს ახალი წესი მიზნად ისახავს კორუფციის აღმოფხვრას, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ მოიკიდა ფეხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.


სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების განცხადებით, ისინი მზად არიან ჩააბარონ ის გამოცდები, რომლებიც კოლეჯის შიდა წესდებითაა გათვალისწინებული, თუმცა უარს აცხადებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button