ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი: აფხაზურმა არტილერიამ ქართულ გემებს ცეცხლი გაუხსნა

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ 15 მარტს აფხაზეთის საზღვრის დაცვამ არ მისცა საქართველოს სანაპირო დაცვას საშუალება დაეკავებინა თურქული თევზსაჭერი გემი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.  


ინციდენტი ეშერას მახლობლად მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყო და 3:00 საათზე დასრულდა. არტილერიამ ორჯერ გაისროლა, რის შემდეგაც ქართულმა გემებმა უკან დაიხიეს, აღნიშნა სოსნალიევმა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა და დასძინა, რომ “მომავალში ცეცხლი უნდა გავუხსნათ“ ყველა იმ გემს, რომელიც “აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებს“ დაარღვევს. რაც შეეხება თურქულ გემებს, ანქვაბმა განაცხადა, რომ “მათ წინასწარ უნდა აცნობონ აფხაზეთის უშიშროების სამსახურს აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის თაობაზე“.


სოსნალიევის განცხადებით, ქართული მხარე გეგმავდა ეს “პროვოკაცია“ 15 მარტისთვის დაემთხვია – 12 წლის წინ აფხაზური მხარე შეეცადა სოხუმი ქართული ჯარებისგან გაეთავისუფლებინა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.  ყაბარდოელ სოსნალიევს მაშინაც აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button