ახალი ამბები

ზურაბიშვილი: საქართველო თანამშრომლობს აშშ-სთან იარაღის კონტრაბანდის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 16 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულ 18 ეჭვმიტანილს შორის საქართველოს ერთი მოქალაქე იყო. მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე უპასუხეს ამერიკული მხარის შეკითხვებს.


მან საქართველოს მოქალაქის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა “ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, დაკავებული მოქალაქე 52 წლის იოსებ ხარაბაძეა.


“ნიუ იორკ თაიმსი“ მანჰეტენის ადვოკატის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ დაკავებულთა ჯგუფი თავდაპირველად ცდილობდა რუსი სამხედროებისგან ეყიდა იარაღი და ასევე უკრაინის და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული გადამყიდველებისგან.


“ჩვენმა სპეცსამსახურებმა უკვე უპასუხეს გამოძიების ფედერალური ბიუროს შეკითხვებს იარაღის რაოდენობასთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, იარაღი რუსული წარმოებისაა, თუმცა, როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი საქართველოში, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ როკის გვირაბზე ქართული მხარის კონტროლის აღდგენას. ეს არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, სადაც ეს იარაღი შეიძლება მოხვდეს“, განაცხადა ზურაბიშვილმა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button