ახალი ამბები

შიდა ქართლის გუბერნატორი კონტრაბანდასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

გაზეთ “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა სამხრეთ ოსეთის გავლით კონტრაბანდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ, რეგიონში არსებული კონტრაბანდა “ქაოსური და დაქსასული” გახდა.


“რომ გითხრათ, კონტრაბანდა 100 პროცენტითაა აღკვეთილი-მეთქი, ტყუილია, მაგრამ 90 პროცენტით ნამდვილადაა აღკვეთილი. კონტრაბანდის მარშრუტი მას შემდეგ, რაც კეხვი [ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთში] ჩავკეტეთ, შეიცვალა. როკის გვირაბიდან შემოსული კონტრაბანდა შემოვლითი გზით მიდის, გზით, რომელიც ოსების მიერ არის კონტროლირებადი. ძირითადად, ამ გზაზე დადიან, რადგან სამოძრაოდ გაცილებით უკეთესია. გამოიყენება მთებში შემოვლითი გზებიც, რომლებიც უამრავია და მისი კონტროლი ძალიან ძნელია“, დასძინა მან.


მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 250 პოლიციელი იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, რომლებიც შემჩნეული იყვნენ კონტრაბანდისტების ხელშეწყობაში. “სამწუხაროდ, არა მარტო კონტრაბანდისტებთან მიხდება ბრძოლა, პოლიციის, ფინანსური პოლიციისა და სპეცრაზმის ზოგიერთ თანამშრომელთა წინააღმდეგაც ვიბრძვი“, განაცხადა ქარელმა.


“ერგნეთის ბაზრობის დახურვით [გასული წლის ივნისში] სეპარატისტებმა სერიოზული შემოსავალი დაკარგეს, რომელიც მათ შეიარაღებას ხმარდებოდა … ერგნეთის ბაზრობის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ ოსი სეპარატისტები … ამ მაფიაში ჩაბმული იყვნენ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყების მაღალჩინოსნებიც“, განაცხადა მიხეილ ქარელმა.


“ამჟამად, კონტრაბანდა ქაოსურად, დაქსაქსულად ხდება, ძირითადად წვრილ-წვრილი პარტიებით შემოდის კერძო პირების მიერ. თანაც, მხოლოდ სიგარეტი გადმოაქვთ“, დასძინა მან.


13 მარტს შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის ერთი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს და კიდევ რამდენიმე თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს,  რაც ისინი რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით კონტრაბანდის მფარველობაში დაადანაშაულეს.  


პოლიტიკურმა ოპონენტებმა და მედიამ რეგიონში კონტრაბანდის მფარველობაში შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელიც დაადანაშაულეს. 


თუმცა, სააკაშვილმა 13 მარტს განაცხადა, რომ მიხეილ ქარელის პატიოსნებაში მას ეჭვი არ ეპარება და დაავალა მას ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის საქმეში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button