ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციის შეფი გადააყენეს, ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

დღეს ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი ბესო გიორგაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია კონტრაბანდის მფარველობაში, დააკავეს, ხოლო შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მისი მოადგილეები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.  


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში კონტრაბანდის ფაქტების მომრავლებასთან დაკავშირებით დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 
 
“მე შეგკრიბეთ, რათა იმ გამოძიებაზე გვესაუბრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი დავალებით მიმდინარეობს. ქართლში კონტრაბანდასთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა შექმნილი… ბოლო კვირის განმავლობაში რაიონის პოლიციის უფროსები და სხვა ხელმძღვანელები, პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ კონტრაბანდული არხების კვლავ აღგენაში”, განაცახად პრეზიდნეტმა.


“როგორც ჩანს შეიქმნა კლანი, პოლიციური – “გორული მაფია”, განაცხადა  სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 
 
“მე გთხოვთ, რომ ყველა მტკიცებულება უმაღლეს დონეზე შეისწავლოთ. გთხოვთ, რომ არც ერთი ხელშეუხებელი ხელმძღვანელი მუშაკი არ დარჩეს – მათი საქმიანობის საბოლოო გარკვევამდე ამ რეგიონის მთელი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა, ყველა რაიონის პოლიციის უფროსი გადაყენებულია”, დასძინა მან.
 
პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს და გენერალურ პროკურორს დაავალა საქმის დეტალურად გამოძიება.


დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემა ბიძინა ბრეგაძემ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალ უფროსად ვლადიმერ ჯუღელი წარადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button