ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის უწყება ბაზების გაყვანის ვადად სამ–ოთხ წელს ასახელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალმა ანატოლი მაზურკევიჩმა 10 მარტს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსულს სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.


“ეს [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომელსაც დავიცავთ რუსულ–ქართული მოლაპარაკებების მსვლელობისას“, განაცხადა მაზურკევიჩმა.


ეს მიანიშნებს რუსეთის პოზიციის მნიშვნელოვან შერბილებაზე, რადგანაც თავდაპირველად რუსეთი 11 წელიწადს ითხოვდა ბაზების გასაყვანად, ხოლო შემდგომში, 2005 წლის თებერვალში გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების წინ რუსეთის ოფიციოზმა ეს ვადა 5-7 წლამდე შეამცირა.    


დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უცნობმა წყარომ “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ 3-4 წელიწადია საჭირო ჩრდილოეთ კავკასიაში სამთო ბრიგადის შესაქმნელად, სადაც განლაგდებიან ის სამხედროები, რომლებიც ამჟამად საქართველოში მსახურობენ რუსულ ბაზებზე.  


“ჩვენი ბაზების სამუდამოდ საქართველოში დარჩენა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ ვერ გამოვიყვანთ ამ ბაზებს “ვერსად”. ჩვენ [ჩრდილოეთ] კავკასიისკენ გადავინაცვლებთ, სადაც იქმნება რუსეთის ახალი სამთო ბრიგადები. ეს ბრიგადები საბოლოოდ სამ-ოთხ წელიწადში შეიქმნება”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ, რომელსაც “რია ნოვოსტიმ” “მაღალი რანგის მოხელე” უწოდა.


მისი თქმით, სამთო ბრიგადების განლაგების ზუსტი ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button