ახალი ამბები

რუსული გაზეთის ცნობით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „ანტი-რუსულ“ ალიანსს ქმნიან

2 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამი ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – „ანტი-რუსულ ალიანსს ქმნიან“.


გაზეთი წერს, რომ მოლდოვას პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის მოულოდნელი ვიზიტი უკრაინაში 2 მარტს, მოლდოვაში 6 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი ვიზიტი მოლდოვაში, მიანიშნებს იმაზე, რომ „თბილისში, კიევსა და კიშინიოვში მზადდება გეგმები რუსული გავლენის სფეროდან საბოლოოდ გამოსვლის თაობაზე“.


„კიევი თანდათან ხდება დსთ-ის ტეროტორიაზე გავლენის მეორე, მოსკოვის ალტერნატიული ცენტრი. [უკრაინის] პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო არ მალავს, რომ იგი ცდილობს საკუთარი „გავლენის სფერო“ შექმნას, რომლის საფუძველიც სუუამი (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) გახდება“, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.


მოლდოვაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი სუუამის კოალიციის აღორძინების საკითხის განხილვას გეგმავს. ეს საკითხი ასევე იქნება განხილული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს, რომელიც მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.


„ნეზავისიმაია გაზეტა“ აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ტარასიუკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ დსთ „არ არის სერიოზული სტრუქტურა“.


გაზეთი ასევე იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ „ლე მონდ“-ისთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ორიენტირებულნი არიან ევროპული სტრუქტურებისკენ, რადგანაც რუსეთმა ამ ქვეყნებს სხვა ვარიანტი არ დაუტოვა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button