ახალი ამბები

რუსეთი “ბლექსიფორის” წვრთნების მოსამზადებელი შეხვედრის “ჩაშლის” გამო თბილისს ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 თებერვალს ავრცელებს განცხადებას, სადაც ქართულ მხარეს თბილისში 22-25 თებერვალს “ბლექსიფორის” სამხედრო-საზღვაო ჯგუფის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ “ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო [რუსი სამხედრო მეზღვაურებისთვის] ვიზების დროულად გაცემა”.


“რუსული მხარე განიხილავს საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას, როგორც არამეგობრულსა და იმის დამადასტურებელს, რომ [თბილისს] არ შესწევს უნარი სრულფასოვნად განახორციელოს “ბლექსიფორის” ხელმძღვანელობის მასზე დაკისრებული ფუნქცია”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსული მხარის შეხვედრაზე [22 თებერვალს] დაუსწრებლობის გამო თბილისში ვერ იქნებოდა ვერანაირი გადაწყვეტილება მიღებული აპრილში დაგეგმილი “ბლექსიფორის” მორიგი წვრთნების თაობაზე. 

თუმცა, ქართული მხარე მოსკოვის ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა თბილისის შეხვედრას “იგნორირება” გაუკეთა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იმის მიუხედვად, რომ რუსეთმა მონაწილეობა არ მიიღო, თბილისში მაინც გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილებოდა 4-27 აპრილს დაგეგმილი “ბლექსიფორის” ერთობლივი წვრთნების საკითხი.

სამხედრო-საზღვაო წვრთნებს “ბლექსიფორს”, რომელშიც შავი ზღვის აუზის ქვეყნები –  საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი მონაწილეობენ,  საქართველო გასული წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button