ახალი ამბები

რუსეთი გმობს საქართველოს “ულტიმატუმს“ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის განხილვისას “ულტიმატუმის, შანტაჟისა და ზეწოლის ენა მიუღებელია“.   


სედოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე 9 მარტს განიხილოს დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას. 


“ორმხრივი კომისია, რომელიც რეგულარულად ატარებს სხდომებს, როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, მოწოდებულია მოაგვაროს ბაზების გამოყვანის საკითხი“, განაცხადა ვიაჩესლავ სედოვმა.


“ჩვენ ვერ გამოვიყვანთ ჯარებს ტრიალ მინდორში, როგორც ეს რუსეთის ისტორიაში [ჯარების გერმანიიდან გამოყვანის დროს] ერთხელ უკვე მოხდა. საჭიროა რუსეთში ინფრასტრუქტურის შექმნა ჯარების გამოსაყვანად“, დასძინა მან.


დადგენილების პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 1 მაისამდე უნდა მოამზადოს ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “კონკრეტულ, ქართული მხარისთვის მისაღებ და გონივრულ ვადებზე”. ეს ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას და საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების, სამხედრო ტექნიკისა და ტვირთების “გადაადგილების სპეციალური რეჟიმის” შემუშავება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button