ახალი ამბები

ზურაბიშვილი ლავროვის ვიზიტის წინ საქართველოს პოზიციაზე საუბრობს

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამო დასდო ბრალი, თუმცა აქვე დასძინა, რომ მას რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების “პესიმისტური პროგნოზები“ არ აქვს.


“ამჟამად, ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რადგანაც არ არსებობს პროგრესი ექსპერტთა დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში“, განაცხადა ზურაბიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა ცოტა ხნის წინ თბილისში გამართული მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო ბაზების თაობაზე.   


ზურაბიშვილის თქმით, საქართველო “რთულ სიტუაციაში“ იმყოფება, რადგანაც თბილისს “ვერ გაუგია რას მოითხოვს რუსეთი“ ქართული მხარისგან.


“ვერ გაგვიგია, რატომ გვემუქრება რუსეთის თავდაცვის მინისტრი [სერგეი ივანოვი] საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე პრევენციული დარტყმებით ტერორისტულ ბაზებზე, რომლებიც თითქოსდა საქართველოში არსებობს… სახეზეა რუსეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. ერთის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის მტკივნეული საკითხების განსახილველად და მეორეს მხრივ, თავდაცვის მინისტრი, ფაქტიურად, პირდაპირ გვემუქრება პრევენციული დარტყმებით“,  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, საქართველომ “სულ ცოტა სამი საჯარო ჟესტი გააკეთა“ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.


“პირველი, სწორედ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც მეგობრობის ხელი გაუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მეორე, საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის; შედეგად, მათ შეუძლიათ ვიზები პირდაპირ საზღვარზე მიიღონ. მესამე, საქართველომ პრივატიზაციის პროცესში რუსულ კომპანიებს ხელსაყრელი პირობები შესთავაზა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას ორმხრივი ურთიერთობების შესახებ მოკლევადიანი გეგმა აქვს, რომლის განხილვასაც თავის რუს კოლეგასთან გეგმავს.


“იგი [გეგმა] შეიცავს რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელთა განხილვაც შესაძლებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ხოლო მაისში ჩვენი პრეზიდენტი შესაძლოა  [მეორე მსოფლიო ომში] გამარჯვების 60 წლის აღსანიშნავად მოსკოვში ჩასულიყო და მოეწერა ხელი ჩარჩო ხელშეკრულებისთვის… ამგვარად, პესიმისტური განწყობა ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე არ მაქვს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა; თუმცა საკუთარი გეგმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button