
ბაღაფში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მოხსენიებისას ტერმინებს ცვლის
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მზად ყოფნა გამოხატა. თუმცა, მან ეს მოლაპარაკებები ასე მოიხსენია: “კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაციისკენ მიმართული მოლაპარაკებები” (переговоры по ликвидации последствий конфликта).
მანამდე, აფხაზური მხარე იყენებდა ტერმინს: “კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული მოლაპარაკებები.“
ტერმინი “შედეგების ლიკვიდაცია“ ჩვეულებრივ რუსულში გამოიყენება სტიქიური მოვლენების შემდეგ გარკვეული რეგიონების აღსადგენად საჭირო სამუშაოების შესასრულებლად.
ტერმინოლოგიის შეცვლა შეესაბამება აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მოლაპარაკებები საქართველოსთან მიზნად უნდა ისახავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური საკითხების განხილვას, ხოლო კონფლიქტის პოლიტიკური შედეგი – აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობა – განხილვას არც კი ექვემდებარება.