
თბილისსა და მოსკოვს შორის სამხედრო ბაზებსა და ჩარჩო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს
საქართველოსა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციები ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა და ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
საქართველოს ელჩმა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობს მოლაპარაკებებში, შეხვედრას “რთული” უწოდა. “ისინი [რუსული მხარე] უფრო დიდ ვადებს მოითხოვენ [ბაზების გასაყვანად], ჩვენ უფრო მალე გვინდა, რომ ბაზები გავიდეს“, განაცხადა მან, თუმცა მხარეების მიერ დასახელებული კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
იგორ სავოლსკიმ, რომელიც რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ “საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის ვადებზე საუბარი ძალიან ადრეა“.
10 თებერვალს თბილისში ცალკე მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, რომელშიც ასევე რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მხარეებმა 11 თებერვალსაც განაგრძეს მოლაპარაკებები ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, რადგანაც ჩარჩო ხელშეკრულების მომზადების საკითხი გარკვეულწილად სამხედრო ბაზების გაყვანის თემასაც უკავშირდება.
ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეები ვერ თანხმდებიან იმ დებულებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას კრძალავს და რომლის ხელშეკრულებაში ასახვასაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს. საქართველო საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს უცხოური სამხედრო ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას, თუმცა უარს ამბობს ამ დებულების ხელშეკრულებაში ჩადებაზე.
“[10 თებერვალს თბილისში გამართულმა] მოლაპარაკებებმა არაფერი არ მოგვცა. უფრო მეტიც, ვეჭვობ, რომ საერთოდ მივაღწევთ წარმატებას რუსული მხარის მიერ ასეთი არგუმენტების წარდგენის ფონზე“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელიც მოლაპარაკებებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს.
ამავდროულად, 10 თებერვალს “ვრემია ნოვოსტეი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით “კომპრომისი შესაძლებელია“.
“სამხედრო თვალსაზრისით ამ ბაზებს მნიშვნელობა დაეკარგა და ჩვენ იქიდან [საქართველოდან] წასვლა გვინდა. თუმცა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას [ქართულ მხარესთან]. ამის გარეშე არ მოხდება სახსრების გამოყოფა [ბაზების გასაყვანად], რასაც ასობით მილიონი დოლარი დასჭირდება. მთლიანობაში კი ამ თანხამ მილიარდ დოლარზე მეტი შეიძლება შეადგინოს”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ პროცესს დასჭირდება ასობით მილიონი და რომელს მილიარდ დოლარზე მეტი.
“ამგვარად, საჭიროა მივაღწიოთ შეთანხმებას საქართველოდან ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. თავდაპირველად, 14 წლის ვადა, შემდეგ კი 11 წლის ვადა განიხილებოდა, თუმცა ეს ვადა მიუღებეული აღმოჩნდა საქართველოსთვის; უკვე ხუთი წელია, რაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვფიქრობ, კომპრომისი შესაძლებელია“, განაცხადა ლოშჩინინმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ინიციატივაზე, რომელიც ბაზების გაყვანის სანაცვლოდ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
“ამჟამად ჩვენ შორის მიმდინარეობს შეხედულებების გაცვლა. უნდა განვსაზღვროთ: რა ტიპის ცენტრები შეიქმნება; რა ფუნქციები, მიზნები და ამოცანები დაეკისრებათ მათ. ამავე დროს, ანალიტიკურთან ერთად ეს ცენტრები უნდა ემსახურებოდნენ სასაზღვრო და ანტიტერორისტული კადრების მომზადების მიზნებსაც“, განაცხადა ლოშჩინინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მომხრეა ანტი-ტერორისტული ცენტრი ბათუმში შეიქმნას, ახალქალაქის ბაზასთან მიმართებაში კი თავშეკავებას იჩენს.