
ახალ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. 
 
“ახალი პრემიერ-მინისტრი თავად წარადგენს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. მკვეთრ ცვლილებები არ იქნება”,  განაცხადა დღეს ალანა გაგლოევამ.
 
უკვე სახელდება მინისტრთა სავარაუდო კანდიდატები. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. კოტე კემულარია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, იუსტიციის მინისტრი გახდება; იგი ამ თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილს შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ გარემოს დაცვის მინისტრი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება. 
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება, დანარჩენი მინისტრები სავარძლებს შეინარჩუნებენ. 
