skip to content
ახალი ამბები

მთავრობის წევრები: ხელისუფლება “ჩვეულ რეჟიმში“ მუშაობს

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, ცალ–ცალკე გააკეთეს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მთავრობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი არ გამოიწვევს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის ცვლილებას.


“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას… მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სტაბილურობა”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.


“არმიაში ყველა ცვლილება და რეფორმა მიმდინარეობს იმ გეგმით, რომელიც გათვალისწინებული იყო მთავრობის მიერ… ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში”, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება უცხო ქვეყნის დელეგაციების დასახვედრად, რომლებიც თბილისში  ზურაბ ჟვანიას დაკრძალვაზე დასასაწრებად ჩამოვლენ, რომელიც კვირას 6 თებერვალს არის დაგეგმილი.


“უკვე ცნობილია, რომ ჩამოვა აზერბაიჯანის პრემიერი, ასევე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ 3 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პირადად დაურეკა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოეხატა.


სალომე ზურაბიშვილმა, სხვა მინისტრების მსგავსად, დაადასტურა, რომ საგარეო უწყებაშიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობას მუშაობა. “დღეს ჩემი მოადგილე [გიორგი გომიაშვილი] ვენაში გამოვიდა ეუთო–ს მუდმივმოქმედ საბჭოზე, ასევე ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან”, განაცხადა ზურაბიშვილმა.


სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელის ზურაბ ჟვანიას პრემიერ–მინისტრობის დროს იქნა აღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button