ახალი ამბები

გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ჟვანიას გაზით მოწამვლის ფაქტს ადასტურებს

გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ განაცხადა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედარს აღენიშნება სპეციფიური ლაქები, რაც დამახასიათებელია CO გაზით მოწამვლისათვის.
 
“გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. სისხლი უკვე გაგზავნილია ბიოქიმიურ ექსპერტიზაზე,  5-6 საათის შემდეგ მოწამვლის ხარისხის და სახეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, განაცხადა გიორგი ჯანაშიამ.
 
გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა 10-15 დღეში იქნება მზად.
 
“დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ბინაში ირანული წარმოების გაზის გამაცხელებელი იყო, რომლის დამონტაჟების დროს დაშვებულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა შესაძლოა გამოიწვია ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ბინაში არ იყო ვენტილაცია, რამაც გამოიწვია აღნიშნული ნივთიერების [CO] დაგროვება“, დასძინა გიორგი ჯანაშიამ. 
 
ჯანაშიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button