ახალი ამბები

ხაინდრავა შერეული პოლიციური სტრუქტურის შექმნის თაობაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ თბილისმა შეთანხმებას მიაღწია თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან შეიქმნას ერთობლივი, 100-კაციანი “პოლიციური სტრუქტურა“, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე “კრიმინალის წინააღმდეგ“ იბრძოლებს.


მისი თქმით, ეს იქნება “სამმხრივი – ქართული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური“ პოლიციური სტრუქტურა, რომელიც მთლიანად გააკონტროლებს ტრანსკავკასიურ მაგისტრალს, რომელიც საქართველოს რუსეთთან, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთთან, აკავშირებს.


გოგა ხაინდრავას თქმით, რუსულ მხარეს უკვე ეცნობა ამ გადაწყვეტილების თაობაზე.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ როდის იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება ან როდის მოხდება მისი განხორციელება.     


 

Back to top button