ახალი ამბები

თბილისი გორის აფეთქებაში “მშვიდობის მოწინააღმდეგე“ ძალებს ადანაშაულებს







აფეთქების ადგილი გორში. ფოტო: REUTERS
თბილისი გორის აფეთქებაში “მშვიდობის მოწინააღმდეგე” ძალებს ადანაშაულებს
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 თებერვალს გორში პოლიციის სამმართველოს წინ მომხდარ აფეთქებაში საქართველოს “მტრები“ და ის ძალები დაადანაშაულა, რომლებიც “მშვიდობის წინააღმდეგ არიან“. ინციდენტის შედეგად სამი პოლიციელი გარდაიცვალა და 27 პიროვნება დაშავდა.
 
1 თებერვალს საღამოს სააკაშვილმა ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას. მიმართვას წინ უძღოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც გორში აფეთქების შემდეგ არსებული სიტუაცია შეაფასა.   
 
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ის “მშვიდობის მოწინააღმდეგე ძალები“, რომლებიც ტერორისტული აქტის უკან დგანან, თუმცა მიანიშნა, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ “სამშვიდობო წინადადებები წარადგინა“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ეს წინადადებები პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა. თუმცა, სატელევიზიო მიმართვისას პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია სამხრეთ ოსეთი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 1 თებერვალს გვიან ღამით ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში უარყო ცხინვალის შესაძლო კავშირი ტერაქტთან. “ამ ძალებს [ვინც ტერაქტის ორგანიზება განახორციელა] სურდათ, რომ ჩვენ ოსური მხარე დაგვედანაშაულებინა და ამით კონფლიქტში ჩავეთრიეთ”, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
გრძნობდნენ რა, რომ თბილისის ეჭვები შესაძლოა ცხინვალისკენ მიმართულიყო, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ინციდენტს და დაგმო გორში მომხდარი ტერორისტული აქტი.
 
“ნებისმიერი  მცდელობა გამოყენებული იქნას ტერორისტების გამოხტომა ქართველებსა და ოსებს შორის დაპირისპირების გაღვივებისათვის მხოლოდ დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს რეგიონში. სამხრეთ ოსეთი გმობს ტერორიზმს, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშულებას”, განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლეგ ალბოროვმა.    
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, აფეთქდა დიდი ოდენობით პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება და ტროტილი, რომელიც დამონტაჟებული იყო შენობის წინ მდგარ “ვაზ-21 011“ ტიპის ავტომანქანაში და დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე გამოკვეთილია “ეჭვმიტანილთა წრე”.


თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აფეთქება, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიგეგმა. “პიროვნებამ, რომელიც ეჭვმიტანილია, მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული, თავის სახელზე ერთი თვის წინ გადაიფორმა”, აღნიშნა მან.  
 
1 თებერვალს გაკეთებულ სატელევიზიო მამართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძირითადად საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, ცდილობდა რა აეხსნა მათთვის, რომ საქართველოს მტრები ძალღონეს არ იშურებენ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს სახელმწიფოებრივ გაძლიერებას – პროცესს, რომელიც, მისი თქმით, თანდათან მიიყვანს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენამდე. 
 
“მე მინდა, რომ ჩემმა თანამოქალაქეებმა ყურადღებით მომისმინონ. ჩვენ ყოველდღე ვძლიერდებით; ჩვენ ყოველდღე ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ვამტკიცებთ; ყოველდღე რაღაც პოზიტიური არის სახელმწიფო მშენებლობაში და ეს ცვლილებები გარდაუვლად იქამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის იმ დონეზე გაძლიერებას, როცა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის – რაც მე ძალიან მსურს – მშვიდობიანი გზით აღდგენა. მაგრამ ეს იცის ასევე ჩვენმა მტერმა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ საქართველო ამ დონემდე არ განვითარდეს”, განაცხადა პრეზიდენტმა.
 
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას არ აჰყვეს იმ ხალხის პროვოკაციებს, ვისაც არ სურს მშვიდობა და ვინც ცდილობს გადაადგმევინოს თბილისს “მკვეთრი ნაბიჯები“. “ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება ჩაშალონ დაწყებული სამშვიდობო პროცესი და დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს”, აღნიშნა  პრეზიდენტმა. 
 
“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ცივილურმა, დემოკრატიულმა ერმა და სრული კონსოლიდაცია გამოვავლინოთ. უნდა დავანახოთ მათ, ვინც ჩვენი განვითარების წინააღმდეგია, რომ ჩვენ ერთიანი ერი ვართ“, დასძინა მან.
 
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას და ყველა პოლიტიკურ ძალას მხარი დაუჭირონ მთავრობის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. “მე ვიცი, რომ ჩვენი მტრების მიზნები ვერ შესრულდება. მაგრამ მე მინდა თქვენგან მხარდაჭერა და გაგება იმ საკითხების გადაწვეტაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ანტიტერორისტული ბრძოლის, ჩვენი ანტიტერორისტული სტრუქტურების, ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზის და მთლიანად საზოგადოების გაფრთხილების და კონსოლიდაციისკენ მიმართულ ყველა საჭირო ნაბიჯს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ხელისუფლება რაიმე კონკრეტული ანტიტერორისტული საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენას.

Back to top button