
გორის ტერაქტის შემდეგ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი სამშაბათ საღამოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, 1 თებერვალს გორში მომხდარი აფეთქება შეაფასა, როგორც “პოლიტიკური მიმართულების მქონე ტერორისტული აქტი, რომელსაც ძალიან შორს მიმავალი მიზნები აქვს”. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა იმ ძალებს დააკისრა, “რომელთაც არ უნდათ, რომ საქართველო განვითარდეს და გაძლიერდეს”.
მიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა “იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უკავშირდება ანტიტერორისტულ ბრძოლას“ და “ანტიტერორისტულ საკანონმდებლო ბაზას”.
“მე მინდა, რომ ჩემმა თანამოქალაქეებმა ყურადღებით მომისმინონ. ჩვენ ყოველდღე ვძლიერდებით; ჩვენ ყოველდღე ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ვამტკიცებთ; ყოველდღე რაღაც პოზიტიური არის სახელმწიფო მშენებლობაში და ეს ცვლილებები გარდაუვალად იქამდე მიგვიყვანს, რომ შევძლებთ ქვეყნის იმ დონეზე გაძლიერებას, როცა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის – რაც მე ძალიან მსურს – მშვიდობიანი გზით აღდგენა. მაგრამ ეს იცის ასევე ჩვენმა მტერმა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ამ დონემდე არ განვითარდეს”, განაცხადა პრეზიდენტმა.
“მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ გავიგოთ, რომ ჩვენ იმ ხალხს, ვისაც არ უნდა მშვიდობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავზე მოგვახვიოს მათი მოქმედების გეგმა და გადაგვადგმევინოს, დროზე ადრე, ყოველ შემთხვევაში, მკვეთრი ნაბიჯი, რითაც გამოიწვევს ჩვენთვის გარდაუვალ სიძნელეებს… ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება ჩაშალონ დაწყებული სამშვიდობო პროცესი”, დასძინა მან.
“თუ დავიწყებთ, რაც ჩვენს და მშვიდობის მტრებს სურთ, წუწუნს, თუ ჩვენ შეგვეშინდება მათი, თუ ჩვენ დავიწყებთ ურთიერთგადაბრალებას, ურთიერთდაჭმას, მაშინ ვერ გავექცევით შემდგომ ესკალაციას,“ განაცხადა სააკაშვილმა.
მან მოუწოდა საზოგადოებას და ყველა პოლიტიკურ ძალას ერთიანობისკენ, “რათა დავანახოთ მათ [მტრებს], რომ ვეღარასოდეს მოხდება ჩვენი დაბრუნება 92–93 წლებში”.
“მე ვიცი, რომ ჩვენი მტრების მიზნები ვერ შესრულდება. მაგრამ მე მინდა თქვენგან მხარდაჭერა და გაგება იმ საკითხების გადაწვეტაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ანტიტერორისტული ბრძოლის, ჩვენი ანტიტერორისტული სტრუქტურების, ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზის და მთლიანად საზოგადოების გაფრთხილების და კონსოლიდაციისკენ მიმართულ ყველა საჭირო ნაბიჯს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ხელისუფლება რამე კონკრეტული ანტიტერორისტული საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენას.
უკანასკნელი ინფორმაციით, გორში სამხარეო პოლიციის შენობის წინ მდგარ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა და 27 ადამიანი დაიჭრა.