
ოქრუაშვილი: ეს კარგად ორგანიზებული ტერაქტი იყო
დღეს ქალაქ გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან მომხდარ ძლიერ აფეთქებას სამართალდამცავებმა უკვე მისცეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
შსს-ს საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მამუკა მუჯირმა “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.
“ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერაქტი”, განაცხადა “რუსთვაი 2”-ის პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, დაიღუპა 3 პოლიციელი: სოსო მინდიაშვილი, გია მთვარელიძე და თამაზ იაკობიძე. სხვადასხვა მონაცემებით დაჭრილთა რიცხვი 13-დან 18-მდე მერყეობს. დაჭრილთა შორის არიან როგორც პოლიციელები, ისე სამოქალაქო პირები.
ოქრუაშვილის განცხადებით, “წინასწარ მუქარებს [აფეთქებასთან დაკავშირებით] ადგილი არ ჰქონია”.
მუჯირის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მუშაობს ასევე გამნაღმელთა ჯგუფი.
“ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის და რა სახის ნივთიერება აფეთქდა; ამ დროისათვის გამოკვეთილია ეჭვმიტანილთა წრე და მიმდინარეობს ვერსიებზე მუშაობა”, დასძინა მუჯირმა.