
მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში განსაკუთრებულ ხაზს უსვამს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც გაეროს მისიისა და დსთ-ს კოლექტიური ძალების “სამაგალითო” თანამშრომლობას და მათ მიერ კონფლიქტის ზონაში “სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანების” შესრულებას ეხება.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს ქართული მხარისადმი რეზოლუციის იმ მოთხოვნაზე, რომელიც კოდორის ხეობაში გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების ერთობლივი პატრულირების დაშვებას ეხება.
“მიესალმება რა კოდორის ხეობაში სიმშვიდის შენარჩუნებას, გაეროს უშიშროების საბჭო კვლავაც იმეორებს ქართული მხარისადმი თავის მოწოდებას უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები და დაუშვას დამოუკიდებელი და რეგულარული მონიტორინგი კოდორის ხეობის ზემო ნაწილში, რომლის ერთობლივ პატრულირებას გაეროს მისიისა და დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები განახორციელებენ”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 31 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.
უშიშროების საბჭო მოუწოდებს მხარეებს განაახლონ მოლაპარაკებათა პროცესი კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით, მათ შორის სოჭის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც 2003 წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
პრეზიდენტების ამ შეხვედრის დროს მხარეები [ქართული და რუსული] შეთანხმდნენ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პროცესის სინქრონულად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა გასულ წელს რუსეთმა სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლა ამ პირობის დარღვევით, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე აღადგინა.
გაეროს უშიშროების საბჭომ 28 იანვარს მიღებული რეზოლუციით გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 2005 წლის 31 ივლისამდე, კიდევ ექვსი თვით გააგრძელა.
დსთ სამშვიდობოების მანდატი კი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მანამდე იმოქმედებს, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას. ამ ტიპის მანდატზე რუსეთისა და საქართველოს [ედუარდ შევარდნაძე] პრეზიდენტები 2003 წლის 7 მარტს სოჭში შეთანხმდნენ.