
Human Rights Watch-ი მიესალმება მკალავიშვილის გასამართლებას
ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ განკვეთილი მღვდელის ბასილ მკალავიშვილის გასამართლებით “მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რელიგიურ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის კუთხით“.
31 იანვარს სასამართლომ ბასილ მკალავიშვილი დამნაშავედ სცნო იეღოვას მოწმეთა და ბაფტისტ-ევანგელისტთა წინააღმდეგ 1999-2003 წლებში თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებაში, ასევე მათი ლიტერატურის დაწვაში და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის უახლოეს თანამოაზრეს პეტრე ივანიძეს ოთხი წლით, ხოლო კიდევ ერთ მხარდამჭერს – ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
“საქართველოში რელიგიური უმცირესობების ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე როგორც იქნა გაასამართლეს … ვიმედოვნებთ, რომ ეს არის დასაწყისი იმ ნათელი პოლიტიკისა, რომელიც ძალადობასა და დისკრიმინაციასთან შეგუების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, განაცხადა რეიჩელ დენბერმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა.