ახალი ამბები

საქართველოს ელჩი გაეროში რუსეთს აკრიტიკებს

საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ წერილობით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთმა არ მისცა მას საშუალება დასწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც აფხაზეთის საკითხი დახურულ კარს მიღმა იხილებოდა. 26 იანვარს გაგზავნილ მიმართვაში რევაზ ადამია იხილავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აკრიტიკებს მოსკოვის როლს, ასევე რუს სამშვიდობოთა საქმიანობას კონფლიქტის ზონაში.


“ძალზე საინტერესო იყო პირველი “არჩევნების” [2004 წლის 3 ოქტომბერს] შემდგომ განვითარებული მოვლენები. ნათელია, რომ რუსეთის და თავად პრეზიდენტ პუტინის რჩეულმა – ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებდნენ “საარჩევნო” სტენდები – ვერ გაამართლა თავისი ბატონების ნდობა და დამარცხდა ამ “რბოლაში”. ამას მოყვა მეტად საინტერესო ჯაჭვური რეაქცია. კანდიდატებს შესაშური სისტემატურობით იძახებდნენ კრემლის მაღალ კაბინეტებში. როდესაც დაშინების არგუმენტებმა ვერ გაჭრა, მოსკოვმა დაანახა მთელ მსოფლიოს, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობას, თუ ვინ მართავს სიტუაციას რეგიონში. ე.წ. ინაუგურაციის წინა დღეს რუსეთმა გადაკეტა გამშვები პუნქტი მდინარე ფსოუზე [რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი] … ამის შემდეგ მოფიქრებული იქნა “ბრწყინვალე” სვლა – ე.წ. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც, სხვათა შორის, ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე. არ არის ეს აბსურდი?“, კითხულობს საქართველოს ელჩი გაეროში.


მისი თქმით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალები “შორს არიან მიუკერძოებლობისაგან და ხშირად მხარს უჭერენ აფხაზი სეპარატისტების გასამხედროებულ შენაერთებს“.


“დროა დავიწყოთ სამშვიდობო ოპერაციის ახალ ფორმატზე ფიქრი, რამეთუ იმას, რასაც აკეთებენ რუსული სამხედრო შენაერთები ძნელად შეიძლება ეწოდოს “სამშვიდობო ოპერაცია”, დასძენს ადამია.


მისი თქმით, მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებებისა, გუდაუთაში [აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა] არსებული რუსული სამხედრო ბაზა, თუმცა შემცირებული კონტინგენტით, მაგრამ კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას. გუდაუთას სამხედრო ბაზის დაშლის შესახებ ვალდებულება რუსეთმა 1999 წელს, ეუთოს სტამბულის შეთანხმებით იკისრა. 


ადამიამ ასევე გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ჟენევის პროცესი, რომელმაც, თავის დროზე, კონფლიქტის მოგვარების საკითხში წინსვლის იმედი გააჩინა, “ჩვეულებრივ სადისკუსიო კლუბად გადაქცევის საშიშროების წინაშე დგას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button