ახალი ამბები

ანტიკორუფციულ ღონისძიებებს 55 მლნ ლარის კონფისკაცია მოჰყვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოაქვეყნა მონაცემები თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ.


2004 წელს იანვარ-ნოემბერში კონფისკაციას დაექვემდებარა 55.703.573 ლარის ღირებულების ქონება. ამ ინფორმაციას საია საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ გასული წლის თებერვალში მიღებული ანტიკორუფციულ კანონთა პაკეტის ნაწილია, ითვალისწინებს მაღალი თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრებისა და დაკავშირებული პირებისთვის იმ ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის გადაცემას, რომლის კანონიერებასაც მათი მფლობელები სასამართლოში ვერ დაამტკიცებენ.


ჩინოვნიკებს სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოერთვათ 75 საცხოვრებელი სახლი და ბინა, 11 მიწის ნაკვეთი, 21 არასაცხოვრებელი ფართი, წილები 25 სამეწარმეო სუბიექტში, 27 ავტომანქანა და საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები.


უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე კანონის საფუძველზე გასული წლის ნოემბრამდე აღძრული იქნა 20 სარჩელი, მოპასუხეთა რაოდენობა 80-ს აჭარბებდა.


 

Back to top button