
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფართო სტატუსზე მუშაობა მიმდინარეობს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ფართო სტატუსის პროექტზე მუშაობს. პროექტი 10 იანვრისთვის განსახილველად უშიშროების საბჭოს წარედგინება.
“ვფიქრობ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უნდა განვიხილოთ პროექტი, რომლებიც იმედია, რომ დიალოგზე წამოვლენ,. მთავარია გავაგებინოთ ჩვენი (ქართული მხარის) პოზიცია, თუ რა იგულისხმება ფართო სტატუსში“, განაცხადა 3 იანვარს გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
აფხაზეთის სტატუსის შესახებ პროექტის სამუშაო ვარიანტი უკვე არსებობს, სადაც აფხაზეთი მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობს საქართველოს შემადგენლობაში – გააჩნია დამოუკიდებელი მმართველობა, საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეტოს უფლებით სარგებლობენ, ასევე იარსებებს ლარის აფხაზური ბანკნოტები და ა.შ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ფართო სტატუსის შესახებ პროექტის მომზადების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოვიდა.