
რუსეთმა ეუთოს საზღვრის მონიტორინგს ვეტო დაადო
30 დეკემბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. შედეგად, 150-მდე დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგს 1999 წლიდან ახორციელებდნენ, 31 დეკემბრიდან თავიანთი პოსტების დატოვებას დაიწყებს.
RFE/RL -ის ცნობით, რუსეთის დელეგაციამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისია საჭირო აღარ არის.
რუსეთის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 8 დეკემბერს სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიამ “თავის მიზნებს უკვე მიაღწია“.
150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დააკვირდნენ და აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ.
ეუთოს მისიის განხორციელება 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის პატრულირებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებები შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა გაეფართოებინა მონიტორინგის მისია ინგუშეთის 58-კილომეტრიან მონაკვეთზე. ხოლო 2002 წლის დეკემბერში ეუთომ კვლავ გააფართოვა მონიტორინგის მისია დაღესტნის მიმართულებით.
თუმცა, როგორც ჩანს, კონსულტაციები საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელების თაობაზე კვლავ გაგრძელდება. RFE/RL იუწყება ეუთოს წარმომადგენლის რიჩარდ მერფის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ “დამკვირვებელთა გამოყვანა იმგვარად მოხდება, რომ კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მათი უკან დაბრუნება“.