skip to content
ახალი ამბები

ანაბრების თემის გამოძიებაზე პარლამენტმა უარი თქვა

29 დეკემბერს პარლამენტი გვიანობამდე განიხილავდა მომხსენებელთა ჯგუფის დასკვნას, რომელიც 1992-93 წლებში მოსახლეობის კუთვნილი ანაბრების გაუფასურების საკითხს ეხებოდა, რაც “მოსახლეობის ყველაზე მასშტაბურ ძარცვად” შეფასდა.  90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შემნახველ სალაროებში დაგროვილი 800 მლრდ რუბლზე მეტი თანხა დაეკარგა.


ანაბრების საქმის გამოძიებასა და კონკრეტული პირების დასახელებას საპარლამენტო ოპოზიციის “კონსერვატორებისა” და “რესპუბლიკელების” ფრთა აქტიურად მოითხოვდა.


“ანაბრების თემა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო”, შეახსენა ყოფილ თანაგუნდელებს ოპოზიციონერმა კობა დავითაშვილმა, რომლის ინიციატივითაც პარლამენტმა ამ საკითხზე სპეციალური მომხსენებელთა ჯგუფი შექმნა.


“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ანაბრების გაუფასურებაში, “დღესაც ხელისუფლებაში იმყოფება”.


თუმცა “ისტორიის ქექვის” წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და დეპუტატთა დიდი ნაწილი.


29 დეკემბერს პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო ანაბრების გაუფასურების შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ამ საქმის გამოძიება ევალებოდა. 

Back to top button