skip to content
ახალი ამბები

კოფი ანანი: ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესი “სახიფათო ჩიხში შევიდა“

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოუწოდა განაახლონ პოლიტიკური კონტაქტები და განაგრძონ კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებების გზით. ამავე დროს გააფრთხილა მხარეები, რომ სამშვიდობო პროცესი “სახიფათო ჩიხში შევიდა”.


“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამშვიდობო პროცესის შემდგომი პროგრესი მხოლოდ ორივე მხარის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გზით არის შესაძლებელი“, განაცხადა ანანმა 20 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვაში.


მისი თქმით, მაშინ, როცა მის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინის ხშირი კონტაქტები აქვს ორივე მხარესთან, ეს მხარეები ივლისის შემდეგ არ შეხვედრილან და რეგულარული სამუშაო კონტაქტებიც შეწყვიტეს.


გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზური მხარე გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და დაუბრუნდება სამშვიდობო პროცესს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მოძებნოს კონფლიქტის მოგვარების გზები.


კოფი ანანმა მოუწოდა ქართულ მხარეს შეასრულოს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის და სხვა შიდა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button